კიტ კელოგი - ნატო-ში უკრაინის წევრობა შესაძლოა ოდესმე, მომავალში, მაგრამ არა ახლა, გვსურს, მივაღწიოთ ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტას, შემდეგ კი უკვე ტერიტორიულ საკითხებზე ვიმუშავებთ
კიტ კელოგი - ნატო-ში უკრაინის წევრობა შესაძლოა ოდესმე, მომავალში, მაგრამ არა ახლა, გვსურს, მივაღწიოთ ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტას, შემდეგ კი უკვე ტერიტორიულ საკითხებზე ვიმუშავებთ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox Business-თან საუბრისას თურქეთში დაგეგმილ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე ისაუბრა. კელოგის განცხადებით, აშშ-ის პრიორიტეტი ცეცხლის ყოვლისმომცველი შეწყვეტაა.

„პირველ რიგში, გვსურს, მივაღწიოთ ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტას ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე. შემდეგ კი უკვე ტერიტორიულ საკითხებზე ვიმუშავებთ. მაგალითად, ვსაუბრობთ ხუთ მთავარ ოლქზე. გვაქვს ლუგანსკი ჩრდილოეთით, დონეცკი, შემდეგ – ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი. განხილვა ეხება იმას, თუ როგორი იქნება მათი სტატუსი“, – განაცხადა კელოგმა.

კელოგმა ასევე ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ, რომელიც ევროპაში სიდიდით მესამეა და იმაზე, თუ ვინ უნდა მართავდეს მას. მისი თქმით, აშშ გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს სადგურის ამუშავებაში, თუმცა ეს პროცესი დროს მოითხოვს.

ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა „შესაძლოა ოდესმე, მომავალში, მაგრამ არა ახლა“. კელოგის თქმით, აშშ განიხილავს გეგმას, რომლის თანახმადაც უკრაინაში, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა სამშვიდობო ძალები უნდა განათავსონ.

კელოგის განცხადებით, აღნიშნული ქვეყნების სამშვიდობო ძალებმა რუსეთთან დადებული ზავის მონიტორინგი უნდა განახორციელონ.

„ჩვენ ეს საკითხი საკმაოდ კარგად გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ განვიხილეთ ეს. ეს დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია. ჩვენ უკვე გადავეცით ის უკრაინელებს, რუსებს, ნატო-ს წევრებს და E3-ს. ასე რომ, ჩვენ ძალიან, ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს იმასთან დაკავშირებით, სად ვართ, როგორი უნდა იყოს ეს, თუმცა, ცხადია, მოლაპარაკებების დროს ეს არ იქნება სრულყოფილი, მაგრამ იქნება გარკვეული დათმობები. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შევწყვიტოთ მკვლელობები და სწორედ ეს სურს პრეზიდენტ ტრამპს“, – განაცხადა კელოგმა.