კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა

მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა სანქციების შესახებ კანონპროექტი მზად, თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს მათ გამოყენებას, კიტ კელოგმა დადებითად უპასუხა.

„გასულ უქმეებზე სენატორ ლინდსი გრემს ვესაუბრე და მჯერა, რომ სანქციები მზადაა. მას „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი“ ჰქვია და მჯერა, რომ გრემმა ის უკვე მოამზადა. სანქციები საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, სანქციები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.