კიტ კელოგი - ჯერ ადრეა იმის თქმა, როდის იქნება მზად დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, მხოლოდ 25 დღეა, ხელისუფლებაში ვართ, მოგვეცით კიდევ დაახლოებით 30 დღე
კიტ კელოგი - ჯერ ადრეა იმის თქმა, როდის იქნება მზად დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, მხოლოდ 25 დღეა, ხელისუფლებაში ვართ, მოგვეცით კიდევ დაახლოებით 30 დღე

ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როდის იქნება მზად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია მხოლოდ 25 დღეა, ხელისუფლებაშია, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩართვა მოლაპარაკებებში.

„ჩვენ მხოლოდ 25 დღეა, ხელისუფლებაში ვართ. მოგვეცით კიდევ დაახლოებით 30 დღე. მოგწონთ თუ არა, თქვენ უნდა ესაუბროთ როგორც მოწინააღმდეგეებს, ასევე მეგობრებს. ბაიდენისგან განსხვავებით, რომელსაც სამი წლის განმავლობაში არ დაურეკავს პუტინისთვის, ჩვენ უკვე დავამყარეთ კონტაქტი“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზეც.

„საჭიროა ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს. ეს უნდა იყოს სრულყოფილი, კომპლექსური მიდგომა“, – აღნიშნა კელოგმა.

მოგვიანებით, დისკუსიის დროს კელოგმა აღნიშნა, რომ, მისი მოსაზრებით, „აუცილებლად იქნება საუბარი ტერიტორიულ დათმობებზეც“.

„ჩემი აზრით, აუცილებლად იქნება საუბარი ტერიტორიულ დათმობებზეც. ამჟამად ჩვენი მიზანია, დავარღვიოთ ის ალიანსები, რომლებიც პუტინს აქვს შექმნილი. მას აქვს კავშირი ჩრდილოეთ კორეასთან, რაც ადრე არ არსებობდა. მას აქვს ალიანსი ირანთან, რაც ასევე არ არსებობდა. მას აქვს ალიანსი ჩინეთთან, რაც ოთხი წლის წინ არ იყო“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.