კიტ კელოგი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დონალდ ტრამპის გუნდი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, ლონდონში გაემგზავრება
მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება, – ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.
კელოგის თქმით, პარიზში გამართული შეხვედრის დროს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები „საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის პოტენციურ შესაძლებლობაზე“.
„სწორედ ამიტომ ვბრუნდებით ამ კვირაში ლონდონში, რათა დავასრულოთ ეს შეთანხმებები. და მე მჯერა, რომ არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მონახაზები. წიაღისეულის შესახებ შეთანხმება არის ერთ-ერთი მათგანი. ასევე, საუბარია ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე. როდესაც ვამბობ „ყოვლისმომცველს“, ვგულისხმობ ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას – მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში, თანდათანობით ხანგრძლივ მშვიდობაზე გადასვლის შესაძლებლობით, მუდმივ შეთანხმებაზე. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვართ“, – აღნიშნა კელოგმა.
ამასთან, კიტ კელოგის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოთმინება ეწურება და, შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეთიშოს, „სასტიკად ჟღერს“, თუმცა „ეს განცხადება სწორედ ასეთი უნდა იყოს“.
„ჩვენ დავიღალეთ იმით, რაც ხდება. მსოფლიოში ბევრი სხვა პრობლემაა, რომლებშიც შეერთებული შტატები ჩართული უნდა იყოს და ეს ომი ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს მისი დასრულების შესაძლებლობა“, – განაცხადა კელოგმა.
შეგახსენებთ, 17 აპრილს უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს წიაღისეულის შეთანხმების გაფორმების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას 24 აპრილს გააფორმებენ.