კირილ დმიტრიევი - ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს, ტიტანური ძალისხმევით შეეცდება პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ჩაშლას დეზინფორმაციის გზით
ზოგიერთი ქვეყანა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ჩაშლას შეეცდება, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს, ტიტანური ძალისხმევით შეეცდება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას პროვოკაციებისა და დეზინფორმაციის გზით“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება. როგორც „სიბიეს ნიუსი“ იტყობინება, შეხვედრაში მონაწილეობა, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიიღოს.