კირილ დმიტრიევი – საწვავის ფასის შემცირება რუსულ ნავთობზე ტრამპის მიერ დაწესებული ზოგიერთი სანქციის მოხსნას მოითხოვს, სანქციების მოხსნის გზებზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, ამ საკითხზე მუშაობს ამჟამად აშშ

01:02, 17.10.2026

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ აშშ-ის ხაზინამ რუსეთის სუვერენულ ფონდს დიზელის გაყიდვის გარიგებასთან დაკავშირებული გადახდების საკითხების მოგვარება სთხოვა.

„რუსეთის ინვესტიციების ფონდი ჩაერთვება სწორედ აშშ-ის ხაზინის მოთხოვნით“, – განაცხადა დმიტრიევმა.

მისივე თქმით, ფონდი იზრუნებს, რომ ყველა გადახდა ეფექტურად განხორციელდეს და ადრესატებამდე მივიდეს.

გარიგება რუსული დიზელის აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებას ითვალისწინებს. მიზანი საწვავის ფასის შემცირებაა. მისი განხორციელება რუსულ ნავთობზე ტრამპის მიერ დაწესებული ზოგიერთი სანქციის მოხსნას მოითხოვს.

კირილ დმიტრიევის თქმით, სანქციების მოხსნის გზებზე უკვე მიმდინარეობს საუბარი და სწორედ ამაზე მუშაობს ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები.

„პუტინის დავალებით, ამერიკულ მხარესთან განიხილება ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების მთელი წყება, რომლებიც განხორციელდება. დიზელის გარიგება ერთ-ერთი ასეთი პროექტია“, – ამბობს რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი.

რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა „გრემის აქტიც“, რომელიც აშშ-ში მალე ამოქმედდება. ის სანქციებისა და ტარიფების კანონპროექტია, რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად შეიქმნა.

„ეს კანონი აშკარად აფერხებს რუსულ-ამერიკულ პროექტებს, ისევე როგორც როლს, რომელსაც ორივე ქვეყანა ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციასა და გლობალურ ბაზარზე მუშაობაში ასრულებს“, – აღნიშნა დმიტრიევმა.

მსგავსი