კირილ დმიტრიევი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „გრემის აქტის“ მოქმედების შეჩერება მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია, რუსეთისა და აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება

10:07, 17.10.2026

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა.

როგორც დმიტრიევი აღნიშნავს, სენატორ ლინდსი გრემის სახელთან დაკავშირებული კანონის მოქმედების შეჩერება ისტორიული მომენტია.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „გრემის კანონის“ მოქმედების შეჩერება მნიშვნელოვანი და ნამდვილად ისტორიული მომენტია – სანქციებისა და დაპირისპირების ნაცვლად დიალოგი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და გლობალურ სტაბილურობაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა“, – წერს დმიტრიევი.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონს შეეძლო, რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სრულად შეეჩერებინა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა როგორც ამერიკის ეკონომიკას, ისე მსოფლიო ბაზრებს.

„რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება, ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას და ქმნის ნდობის გაძლიერებისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის საფუძველს“, – აღნიშნავს დმიტრიევი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა. როგორც ტრამპი ბრძანებაში აღნიშნავს, „ასეთი გამონაკლისის დაშვება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია“.

მსგავსი