კირილ ბუდანოვი - რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს
კირილ ბუდანოვი - რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს

რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი შემდგომი ომისთვის ემზადება და 2036 წლისთვის გადაიარაღებაზე დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების სრული მობილიზაცია მიმდინარეობს მომავალი ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადყოფნისთვის.

კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთში სამხედრო რეფორმის ფარგლებში უკვე შეიქმნა ორი ახალი სამხედრო ოლქი – მოსკოვისა და ლენინგრადის, ასევე იგეგმება ახალი დივიზიების, შენაერთებისა და სამხედრო ნაწილების ფორმირება.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსები ცდილობენ ჰიბრიდული საინფორმაციო და კიბეროპერაციების განხორციელებას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე კონტროლირებადი მედიისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით.