კირ სტარმერი - მოხარული ვარ, რომ ვხედავ ცვლილებებს აშშ-ის მხრიდან ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოწვევა არ გამქრალა და არ მგონია, რომ ეს გარდამავალი ფაზაა
კირ სტარმერი - მოხარული ვარ, რომ ვხედავ ცვლილებებს აშშ-ის მხრიდან ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოწვევა არ გამქრალა და არ მგონია, რომ ეს გარდამავალი ფაზაა

აშშ-თან სავაჭრო შეთანხმება ვერ შეამსუბუქებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ გამოწვევებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

სტარმერის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებით გამოწვეული პრობლემა არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ ცვლილებებს ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ გამოწვევა არ გამქრალა და არ მგონია, რომ ეს გარდამავალი ფაზაა. მგონია, რომ ჩვენ ცვალებად მსოფლიოში ვცხოვრობთ“, – განაცხადა სტარმერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აშშ-თან შეთანხმების მიღწევა, სტარმერმა აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ჩვენი გუნდები საუბრობენ და კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ეს თავისთავად ვერ შეამსუბუქებს გამოწვევებს და სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა სტარმერმა.

შეგახსენებთ, „თრუს სოშიალზე“ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ათობით ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფები 90 დღით შეაჩერა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა: „ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება“.

თავის მხრივ, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა.