კირ სტარმერი – დიდი ბრიტანეთი საკუთარ დროშას არ დაუთმობს მას, ვისაც მისი გამოყენება ძალადობის, შიშისა და განხეთქილების სიმბოლოდ სურს

11:58, 15.09.2025

დიდი ბრიტანეთი საკუთარ დროშას არ დაუთმობს მას, ვისაც მისი გამოყენება ძალადობის, შიშისა და განხეთქილების სიმბოლოდ სურს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

„დროშა ჩვენს მრავალფეროვან ქვეყანას წარმოადგენს და არ დავუშვებთ, რომ ქუჩაში ხალხმა წარმომავლობის ან კანის ფერის გამო თავი დაშინებულად იგრძნოს“, – აღნიშნავს სტარმერი.

მანამდე კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ. თუმცა აღნიშნა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა მიუღებელია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის კომენტარს წინ საპროტესტო აქციები უძღვოდა. აქცია სახელწოდებით – „გააერთიანე სამეფო“ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ იყო ორგანიზებული. ქუჩაში გამოსული 150 000-მდე დემონსტრანტი ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდა.

ცნობისთვის, აქციაზე, პოლიციის ინფორმაციით, მათი 26 თანამშრომელი დაშავდა. პროტესტის ფარგლებში დაკავებულია 25 ადამიანი.

მსგავსი