კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნიუ იორკის სასამართლომ სექსუალური ძალადობისთვის კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ბრალდების მხარის ვერსიით, ვაინშტაინმა 2006 წელს თავის ასისტენტ მირიამ ჰაიტიზე იძალადა. პროკურატურა მისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ითხოვდა.
სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას 74 წლის ვაინშტაინმა შეწყალება ითხოვა.
„გულწრფელად ვნანობ იმ ტკივილს, რომელიც მირიამ ჰეილიმ განიცადა, თუმცა, იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ უდანაშაულო ვარ“, – აღნიშნა ვაინშტაინმა.
ცნობისთვის, ვაინშტაინის მიმართ ამ და კიდევ ერთი ბრალდების საფუძველზე განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. 2020 წელს პროდიუსერი მსახიობ ჯესიკა მანის გაუპატიურებასა და მირიამ ჰეილიზე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2024 წლის აპრილში განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე ნიუ იორკის სასამართლოს გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს განაჩენი გაუქმდა, ვაინშტაინი ციხეში დარჩა, რადგან 2023 წელს ლოს ანჯელესის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2013 წელს ჩადენილ გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის ორ ეპიზოდში და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.