ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში საკუთარი მატარებლით ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საზღვარზე არსებული სარკინიგზო ხიდი დილის საათებში გადაკვეთა, რის შემდეგაც, სარკინიგზო სადგურთან ახლოს არსებულ რუსეთ-კორეის მეგობრობის სახლს ესტუმრა.
როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინს თან რამდენიმე მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის არიან კორეის არმიის გენერალური შტაბისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელები. კიმ ჩენ ინის ჩასვლამდე კი ვლადივოსტოკში ფხენიანიდან ორი თვითმფრინავი ჩაფრინდა, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამიტი 25 აპრილს გაიმართება. ეს კიმ ჩენ ინის ძალაუფლებაში მისვლის შემდეგ რუსეთში პირველი ოფიციალური ვიზიტია.
რუსული მედიის ცნობით, სამიტზე განხილვის მთავარი თემები მხარეებს შორის ურთიერთობა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული საკითხის დარეგულირება იქნება.
ამავე საკითხის განსახილველად ცოტა ხნის წინ შეხვედრა გაიმართა კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორისაც, თუმცა ჰანოიში გამართული სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა.