კიმ ჩენ ინი - ჩვენ თუ შეგვიძლია, მოსკოვს რამით დავეხმაროთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს ჩვენი მოვალეობაა
კიმ ჩენ ინი - ჩვენ თუ შეგვიძლია, მოსკოვს რამით დავეხმაროთ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს ჩვენი მოვალეობაა

პეკინში ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. პუტინმა აღნიშნა, რომ მოხარულია ჩრდილოეთკორეელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობით.

რუსეთის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობებმა ბოლო დროს განსაკუთრებული ნდობისა და მოკავშირეობის ხასიათი შეიძინა.

„ბოლო დროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებმა განსაკუთრებული ნდობისა და მეგობრობის, მოკავშირეობის ხასიათი შეიძინა“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა კურსკის ოლქის გათავისუფლებაში ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი იყო. მისივე თქმით, ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცებმა ამ ბრძოლაში მონაწილეობა კიმ ჩენ ინის პირადი ინიციატივით მიიღეს.

„რუსი ხალხის სახელით, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს ურთიერთობებზე, ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და რომ მაქვს შესაძლებლობა, პირადად შეგხვდეთ თქვენ. გასული წლის ივნისში, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ვითარდება. ჩვენ თუ შეგვიძლია, მოსკოვს რამით დავეხმაროთ, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი.