კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეას უნდა ჰყავდეს თანამედროვე და ძლიერი არმია, რომელიც ნებისმიერ ომს გაუმკლავდება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, მსოფლიოში დღეს შექმნილი სიტუაციის გამო აუცილებელია, ქვეყანას ძლიერი და თანამედროვე არმია ჰყავდეს, რომელიც ნებისმიერ ომს გაუმკლავდება.
ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კანგ კონის სამხედრო აკადემიაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია სამხედრო განათლების გაძლიერება, რათა მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა „თანამედროვე ომის რეალური გამოცდილება შეიძინონ“ და დაეუფლონ მოწინავე იარაღსა და ტექნიკურ აღჭურვილობას.
„ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია, რომელშიც იმპერიალისტების აგრესიული და ომის მოყვარე ბუნება აშკარადაა გამოხატული, როდესაც ომი და სისხლისღვრა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მოითხოვს შეიარაღებული ძალებისგან, სრულყოფილად გაუმკლავდეს ომს“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.