კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები.
სროლისას დაჭრილი ორი ქალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ არის გადაყვანილი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს კლინიკაში. მათი თქმით, პაციენტებს პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
კიკეთში დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.