კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა
კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ჰოსპიტალიზებულია.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად დესნიანის და დარნიცის რაიონებში დაიწყო მასშტაბური ხანძრები. მერმა არ დააზუსტა, კონკრეტულად რომელი ობიექტები გახდა თავდასხმის სამიზნე, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედროებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დარტყმის შედეგად დნეპრის რაიონში დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა. მისივე თქმით, დაზიანებულია ავტომობილები, საცხოვრებელ სახლებში ჩამსხვრეულია ფანჯრები.

მისივე ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ ხანძრების ჩაქრობას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. როგორც ტკაჩენკო, ისე კიევის მერიც ამბობენ, რომ სულ მცირე, რვა დაშავებულია, რომელთაგან ოთხმა მსუბუქი დაზიანებებით მიმართა ექიმებს.