კიევში „ღირსების რევოლუციის“ დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობა გაიმართა [ფოტო]
კიევში 2014 წლის „ღირსების რევოლუციის“ დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ის მარშრუტი გაიარეს, სადაც რვა წლის წინ ევრომაიდნის სახელით ცნობილი მოვლენები განვითარდა. მსვლელობის მონაწილეებმა შეასრულეს უკრაინის ჰიმნი და ასევე, მადლობა გადაუხადეს სამხედროებს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან. აქციის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს 2014 წლის მოვლენებისას დაღუპულთა მემორიალი და სანთლები აანთეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია, ყოველ წელს შეიკრიბონ და გაიხსენონ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე უკრაინის თავისუფლებასა და დემოკრატიას შესწირეს.
უკრაინაში 18-20 თებერვლამდე ღირსების რევოლუციის მერვე წლისთავის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.