კიევში, ბაბინ იარში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება

კიევში, ბაბინ იარში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება.

სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობენ უკრაინის, გერმანიის, ისრაელისა და ალბანეთის პრეზიდენტები. ღონისძიებას ასევე ესწრება უკრაინაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

„80 წლის წინ ბაბინ იარში ნაცისტებმა დახვრიტეს 100 ათასზე მეტი ადამიანი, ამიტომ აქ რთულია საუბარი, სუნთქვა და დგომაც კი. ეს არის ადგილი, რომელსაც ღმერთმა სამუდამოდ მიატოვა, ეშმაკი კი, გვერდს უვლის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

ტრაგიკული მოვლენების 80-წლისთავთან დაკავშირებით ბაბინ იარის მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე გოდების ბროლის კედელი, ასევე მუზეუმის სამგანზომილებიანი სივრცე გაიხსნა. ღონისძიებაზე გერმანიის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა შეასრულა დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-13 სიმფონია სახელწოდებით „ბაბინ იარი“.

1941 წლის 29-30 სექტემბერს ნაცისტებმა ბაბინ იარის ტერიტორიაზე 33 ათასზე მეტი ებრაელი დახოცეს.