კიევში აშშ-ის სენატორებთან, რიჩარდ ბლუმენტალთან და შელდონ უაითჰაუსთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება განიხილა
კიევში აშშ-ის სენატორებთან, რიჩარდ ბლუმენტალთან და შელდონ უაითჰაუსთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ ზომები და 17-18 თებერვალს ჟენევის მოლაპარაკებებისთვის მზადება განიხილა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზელენსკიმ სენატორებს განუცხადა, რომ უკრაინა სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებას ელოდება, რომელიც მეორადი ტარიფების შემოღების საშუალებას მისცემს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის შეძენას განაგრძობენ.
პრესკონფერენციის დროს ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი მალე აშშ-ის სენატში კენჭისყრაზე გავა.
„სენატორ გრეჰემთან ერთად ვმუშაობ სანქციების შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც კენჭს ვუყრით, დიდი იმედი მაქვს, რომ ის წარმატებული იქნება. მშვიდობის მთავარი ქვაკუთხედი უსაფრთხოების ურყევი გარანტიები უნდა იყოს. უკრაინას სჭირდება და იმსახურებს გარანტიას შეერთებული შტატებისგან და არა – მხოლოდ ევროპული ძალებისგან“, – განაცხადა მან.