კიევში აცხადებენ, რომ ყირიმის საკითხზე მოლაპარაკება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ
კიევში აცხადებენ, რომ ყირიმის საკითხზე მოლაპარაკება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ

კიევში აცხადებენ, რომ ყირიმის საკითხზე მოლაპარაკება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას გააკეთა.

„ჩვენ თუ შევძლებთ სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და მივაღწევთ ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარს, მაშინ მზად ვიქნებით, გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი, რათა ეს საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, ანდრეი სიბიგამ.

ამასთან, სიბიგას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ყირიმის გათავისუფლება არმიის მიერ გამორიცხულია.

5 აპრილს მოსკოვთან ყირიმის საკითხზე მოლაპარაკების შესაძლებლობა დაუშვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაც. ამისთვის, მისი თქმით, აუცილებელია, რუსეთმა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. პოდოლიაკმა ასევე თქვა, რომ, საბოლოო ჯამში, იგეგმება ყირიმის ხიდის დემონტაჟი.