კიევის „დინამოს“ ვებგვერდი ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა - ვაწარმოებთ საინფორმაციო ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ ოფიციალური რესურსების მუშაობის სპეციფიკაზე გუნდის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ უკრაინული გრანდის ვებგვერდი ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა – გასაგებია, ვისი მხრიდან.
მიზეზი ისაა, რომ კლუბის პრესსამსახური 24 თებერვლიდან (რუსეთის აგრესიის დაწყებიდან) „დინამოს“ საფეხბურთო თემების ნაცვლად, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს აქტიურად აშუქებს.
უკრაინული კლუბები საომარი ვითარებიდან გამოდინარე, შესაბამისად გადაეწყვნენ და ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისთვის მუშაობენ. კიევის „დინამო“ საინფორმაციო ფრონტზე გადაერთო და სხვადასხვა პლატფორმით (ვებგვერდი, ფეისბუქი, ტვიტერი, ტელეგრამი, ინსტაგრამი) რუსების აგრესიისა და დაბომბვის ამსახველ ფაქტებს აშუქებს, დონეცკის „შახტარი“ კი ჰუმანიტარულ ფრონტზე მოქმედებს და 100 000 ადამიანს საკვებით ეხმარება.
„ჩვენი ქვეყანა გააფთრებით ებრძვის რუს ოკუპანტებს, ჩვენი ხალხი სიმამაცის, სიმტკიცის და კეთილშობილების სასწაულებს ავლენს. უკრაინასა და რუსეთს შორის ომია და გასაგებია, რომ ფეხბურთი არავის აინტერესებს, რაც ლოგიკურია. საფეხბურთო კლუბ კიევის „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი მასიური შეტევის ქვეშ იმყოფება და ბოლო კვირა მიუწვდომელი იყო. ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნა, მაგრამ შესაძლოა პრობლემები ისევ გაგრძელდეს. სრულად ფუნქციონირებს კლუბის ვებგვერდები სოციალურ ქსელებში, სადაც საინფორმაციო ბრძოლას ვაწარმოებთ დამპყრობლების წინააღმდეგ“, – წერია კიევის „დინამოს“ პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.