გიორგი წიტაიშვილს მეტი შანსი უნდა მიეცეს, რომ პოტენციალი გამოავლინოს და გზა გაეხსნას – ამის შესახებ კიევის „დინამოს” პრეზიდენტმა, იგორ სურკისმა და გუნდის ახალმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ ილაპარაკეს.
კიეველთა პრეზიდენტმა ტელეარხ „12 უკრაინას” ეთერში განაცხადა, რომ რუმინელ სპეციალისტს შემადგენლობის დაკომპლექტების საკუთარი ფილოსოფია გააჩნია, რომელმაც მოთამაშეთა პროგრესირებას უნდა შეუწყოს ხელი.
„ლუჩესკუს აქვს საკუთარი ფილოსოფია – თუ არსებობს კარგი შემოთავაზება ჩვენი ლიდერის, ციგანკოვის ან სხვა მოთამაშისთვის, მისი გაყიდვა აუცილებელია. მისივე თქმით, ციგანკოვის გაყიდვით შანსს მის კონკურენტს, წიტაიშვილის მივცემთ. და კიდევ – წიტაიშვილის შემდეგაც გამოჩნდება ნიჭიერი ახალგაზრდა. და თუ ჩვენ მათ „ოქროს გალიაში” გამოვამწყვდევთ, მაშინ ისინი პროგრესს შეწყვეტენ”, – ამბობს სურკისი.
მან გუნდის ლიდერის, იარმოლენკოს მაგალითი მოიყვანა: „ლუჩესკუ თვლის, რომ იარმოლენკო ზედმეტად დიდხანს დავაყოვნეთ. შევეცადე მისთვის დამემტკიცებინა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, სწორად მოვიქეცით. ლუჩესკუ დამეთანხმა. მაგრამ თავად ფეხბურთელისთვის აჯობებდა, რომ ორი წლის წინ გაგვეთავისუფლებინა. შემდეგ იგივე ციგანკოვი უფრო ადრე ათამაშდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ლუჩესკუმ იცის, ფეხბურთელები როგორ გაზარდოს. ამიტომ სურს, რომ წიტაიშვილი და ახალგაზრდები დავაწინაუროთ“, – თქვა იგორ სურკისმა ტელეარხ „12 უკრაინას” ეთერში.
გიორგი წიტაიშვილი 19 წლის თავდამსხმელია, რომელიც უკრაინაში გაიზარდა და ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რომლის ფინალშიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამჟამად, გიორგი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.