კიევის „დინამოს“ ლეგენდამ რუსებსა და ბელარუსებს მიმართა - ასეთი აგრესია ჩემს მშობლიურ ქალაქს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს #1TVSPORT
კიევის „დინამოს“ ლეგენდამ რუსებსა და ბელარუსებს მიმართა - ასეთი აგრესია ჩემს მშობლიურ ქალაქს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს #1TVSPORT

1975 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა („ოქროს ბურთი“-ის მფლობელი), კიევის „დინამოს“ და უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, ოლეგ ბლოხინმა აგრესორი რუსეთისა და ბელარუსის მოსახლეობასა და მათ ხელისუფლებებს მოუწოდა, გონს მოეგონ:

„მე, ოლეგ ბლოხინი, მოვუწოდებ ყველას, ვისზეც ეს დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სარდლობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და გაიყვანონ ჯარები. თქვენ იბრძვით არა მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც. ეს მიუღებელია, ეს არის დანაშაული. უკრაინაში ქალაქები და სოფლები დაიბომბა. მე კიეველი ვარ, ასეთი აგრესია ჩემს მშობლიურ ქალაქს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. განადგურდა კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ხერსონი, ნიკოლაევი, სხვა ქალაქები და სოფლები“, – დაწერა ბლოხინმა ინსტაგრამზე.

ლეგენდარულმა უკრაინელმა თავდამსხმელმა რუსებსა და ბელარუსებს მოუწოდა, მისი სამშობლოდან ჯარები გაიყვანონ:

„ფეხბურთი, რომლის ერთგულიც ვარ და მთელი ცხოვრება მას შევწირე, კვლავ ზარალდება ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაციის დაწყების დღიდან. ახლა კი ნაკრებებმა ვარჯიში მთლიანად შეწყვიტეს. ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. სპორტსმენები სპორტული შეჯიბრების ნაცვლად, იძულებული არიან დაიცვან სამშობლო. მსოფლიო ფეხბურთისა და სპორტის ფედერაციებმა დაგმეს თქვენი ქმედება, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისგან მოკვეთეს. თქვენ სამყაროს მემკვიდრეობას ხურავთ. დახურეთ სამყარო რუსებისა და ბელარუსებისთვის. გონს მოდით. გაიყვანეთ ჯარები და შეაჩერთე ეს ომი. ვლოცულობ ჩვენი უკრაინისთვის!“, – წერს ოლეგ ბლოხინი.

Planète Foot-ისა და Voetbal International-ის ვერსიით, ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი შედის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. ის რეკორდსმენია სსრკ-ს ნაკრებში ჩატარებული თამაშების და მასში გატანილი გოლების რაოდენობით. სამი საბჭოთა ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელსაც „ოქროს ბურთი“ გადაეცა. პირველი საბჭოთა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატში 300-ზე მეტი გოლი გაიტანა.

კიევის „დინამოს“ ვარსკვლავი იყო სსრკ-ს ჩემპიონი (7-ჯერ), თასის (5-ჯერ) და სუპერთასის მფლობელი (3-ჯერ). არის თასების მფლობელთა თასის (2, 1975, 1986) და უეფა-ს სუპერთასის (1975) მფლობელი და უეფა-ს სუპერთასის ფინალისტი (1986).

საინტერესო დეტალია – ბლოხინი უკრაინაში პრორუსული განწყობით იყო ცნობილი. უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც იყო კომუნისტური პარტიის წევრი. ორჯერ აირჩიეს უკრაინის უმაღლეს რადაში. 2001 წლის ზაფხულში შეუერთდა უკრაინის კომუნისტურ პარტიას, 2002 წელს კი ამავე პარტიის სიით უკრაინის მეოთხე მოწვევის უმაღლესი რადას დეპუტატად აირჩიეს.

IV მოწვევის უკრაინის პარლამენტში იყო უმაღლესი რადას ახალგაზრდული პოლიტიკის, ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური, პარალიმპიური მოძრაობებისა და ელიტარული სპორტის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი.