კიევის „დინამომ“ წიტაიშვილის დუბლით მოიგო - „ეტყობა, ეს ჩემი დღე იყო“ (ვიდეო)
„არის დღეები, როდესაც ღმერთი იღბალს გჩუქნის და ყველაფერი გამოგდის. ასეთი დღე „ოლიმპიკთან“ მქონდა” – ეს გიორგი წიტაიშვილმა კიევის „დინამოს” და დონეცკის „ოლიმპიკის” ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა.
30 მაისს უკრაინაში სეზონი 24-ე ტურის მატჩებით განახლდება, 31 მაისს კი უკრაინის ჩემპიონატის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება გაიმართება – „შახტარი“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. მანამდე კიეველებმა საკონტროლო შეხვედრა დონეცკის „ოლიმპიკთან“ გამართეს და 2:0 მოიგეს. ორივე გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელსაც არაერთხელ თქვა, რომ კიევურ გუნდში შანსს არ აძლევდნენ.
შეხვედრა 30-30-წუთიანი ტაიმებით გაიმართა – წარმოშობით ქართველმა შემტევმა ნახვარმცველმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, მე-4 წუთზე კი დონეცკელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა – კიეველებმა 2:0 მოიგეს.
„ვფიქრობ, როდესაც ითმენ და მუშაობ, ეს თამაშზეც აისახება. რისი გაკეთება შემიძლია, დღეს სწორედ ის ვაჩვენე. შეიძლება ზოგჯერ საკმარისი სათამაშო დრო არ მქონდა, ზოგჯერ რაღაც არ გამომდიოდა. ალბათ დღეს იყო ჩემი დღე და ყველაფერი გამომდიოდა“. – თქვა მატჩის შემდეგ გიორგი წიტაიშვილმა.