„კიაპაზის“ ქართველი ფორვარდი ნაკრებში თამაშზე ოცნებობს - ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ #1TVSPORT
„კიაპაზის“ ქართველი ფორვარდი ნაკრებში თამაშზე ოცნებობს - ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ #1TVSPORT

აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბ „კიაპაზის“ ქართველმა ფორვარდმა მიხეილ ერგემლიძემ „აზერისპორტთან“ ინტერვიუში საკლუბო თემებზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

„ჩემი აზრით, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. შედეგები მალე დადგება. „კიაპაზს“ ექვსი ტურის შემდეგ ნული ქულა აქვს. ასეთი დაწყება არ იყო მოსალოდნელი. პირველ სამ ტურში ევროტურნირებზე აზერბაიჯანის წარმომადგენელ გუნდებს დავუპირისპირდით და ამ მატჩებში მარცხებმა ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა. თუმცა, ამ მდგომარეობიდან მალე გამოვალთ. გასულ სეზონშიც ასე იყო, როცა „საბაჰში“ ვიყავი, მაგრამ ჩემპიონატის დასრულება მეხუთე ადგილზე შევძელით“, – ამბობს ერგემლიძე.

რა მიზნები აქვს ერგემლიძეს „კიაპაზში“? შეუძლია თუ არა საქართველოს ნაკრებში მოხვედრა? ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ კითხვას ზოგადად უპასუხა:

„ყველა ფეხბურთელი ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. მეც არ ვარ გამონაკლისი. ჩემი მიზანი „კიაპაზში“ ბევრი გოლის გატანაა. მაშინ აუცილებლად მექნება ნაკრებში მოხვედრის შანსი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ“.

ქართველ თავდამსხმელს ჟურნალისტმა ორიგინალური კითხვა დაუსვა:

„ბოლო დროს აზერბაიჯანში ბევრი ხვიჩა კვარაცხელიასა და მაჰირ ემრელის ერთმანეთს ადარებს. პირველმა „ნაპოლიში“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ლივერპულთან“, მეორეს ზაგრების „დინამოში“ „ჩელსისთან“ არ უთამაშია. რას იტყვით ამაზე?“.

აზერბაიჯანული „კიაპაზის“ ქართველმა თავდამსხმელმა დიპლომატიური პასუხი გასცა:

„ხვიჩა ჩემი ახლო მეგობარი და ძალიან კარგი ბიჭია. პერიოდულად ვსაუბრობთ, მიმოწერა გაქვს. მან იცის, რომ აზერბაიჯანში ვთამაშობ. ხვიჩას ყველა თამაშს ვუყურებ და ძალიან მახარებს. ის ამ ყველაფერს იმსახურებს. რაც შეეხება ემრელის, ისიც კარგი ფეხბურთელია. ვუსურვებ მას წარმატებებს და მეტ სათამაშო დროს. მე მართლა ვფიქრობ, რომ ის კარგი ფეხბურთელია“.