ხვლიკი უცნაური ხრიკით წყალქვეშ 16 წუთს სუნთქავს [ვიდეო]
ხვლიკი უცნაური ხრიკით წყალქვეშ 16 წუთს სუნთქავს [ვიდეო]

ადამიანის გამჭრიახობა ევოლუციის მასშტაბებს ყოველთვის ვერ პროგნოზირებს. ინტერნეტში გავრცელებულ ახალ ვიდეოში ასახულია პატარა ტროპიკული ხვლიკი, რომელიც წყალქვეშ სუნთქვას თავზე მოთავსებული „აკვალანგი ავზით“ ახერხებს.

კოსტა-რიკაში აღმოჩენილი ეს უშიშარი პატარა მყვინთავი, რომელსაც წყლის ანოლს (Anolis aquaticus) უწოდებენ, სავარაუდოდ თავის „ბუშტების ავზს“ იყენებს, რათა მტაცებლებს დაემალოს და საკვებზე ინადიროს. ამ პროცესში ის წყალქვეშ ხანდახან 16 წუთის განმავლობაშიც კი რჩება.

ვიდეოს ავტორის, ბინჰემტონის უნივერსიტეტის ეკოლოგ ლინდსი სვიერკის განცხადებით, აქამდე არსებული მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ წყლის ანოლებს წყალქვეშ სუნთქვა არ შეეძლოთ და მისი კვლევის თავდაპირველი თემა ეს საკითხი არც ყოფილა.

წლების განმავლობაში, წყალქვეშა ანოლებს ის წყალქვეშა კამერით იღებდა. ერთხელაც მან შენიშნა, რომ ეს არსებები წყალში ყოფნისას სუნთქავდნენ თავზე მოთავსებული ჰაერის ბუშტებით.

მოცემულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ სუნთქავს ხვლიკი ამ ბუშტიდან.

გარდა ამ „ჰაერის ავზისა“, სვიერკი ფიქრობს, რომ ეს ხვლიკები ჰაერის დამატებით ჯიბეებსაც მალავენ თავზე და ყელში. მისი აზრით, ეს ჯიბეები სარეზერვო ფუნქციას ასრულებს და საჭიროების შემთხვევაში ძირითად ბუშტს კვლავ ავსებს ჰაერით.

სვიერკი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს მორფოლოგიურ ადაპტაციას, კერძოდ კი, ანოლის თავის წვერის ფორმა მასზე ჰაერის ადვილად „მიწებების“ საშუალებას იძლევა.

ამ ეტაპზე, ყველაფერი ჰიპოთეზის დონეზეა. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ხვლიკები თავზე მიმაგრებული ჰაერის ბუშტებით სუნთქავენ. უცნობია ისიც, როგორ განუვითარდათ მათ ეს აპარატი.