ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შანსი - იტალიამ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდი გაიყვანოს #1TVSPORT
იტალიამ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში, შესაძლოა, ექვსი გუნდი გაიყვანოს, – ამის შესახებ გამოცემა „არეა ნაპოლი“ წერს.
ამ მომენტისთვის იტალია ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მომდევნო სეზონში უეფა-ს მთავარ ტურნირზე ხუთი გუნდი ეყოლება. ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატი იცვლება და გათამაშებაში 36 გუნდი ითამაშებს, ახლა კი დამატებით ორი ადგილისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ამ ორ ადგილს ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებსაც 2023/24 წლის სეზონში სუკეთესო რეიტინგი ექნებათ.
სეზონის რეიტინგის სათავეში იტალიაა 17.714 ქულით. შემდეგ მოდიან გერმანია (16.357), ინგლისი (16.250), საფრანგეთი (14.750), ესპანეთი (14.437). იტალიის შანსებს ზრდის ის ფაქტიც, რომ ევროპის ლიგის 1/4-ფინალში „მილანი“ „რომას“ ხვდება, ხოლო გასული გუნდი ქვეყანას ხუთ ქულას შემატებს. ასე რომ, იტალიას რეალურად 18.428 ქულა აქვს და, შესაბამისად, კონკურენტებს ორი ქულით უსწრებს.
იტალიის ყველაზე ძლიერი მეტოქე ინგლისია, რომელსაც ევტორუნირებზე ჯერ კიდევ ხუთი გუნდი ჰყავს, გერმანიას – სამი.
ასე რომ, თეორიულად შესაძლებელია, იტალიამ ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდი გაიყვანოს. დღევანდელი რეიტინგის მიხედვით, ხუთი გუნდი იქნება – „ინტერი“ (თითქმის ჩემპიონია), „მილანი“ (69), „იუვენტუსი“ (62), „ბოლონია“ (58) და „რომა“ (55). მეხუთე ადგილისთვის „ატალანტა“ (50) და „ნაპოლი“ (48) იბრძვიან. ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა („რომამ“ ან „ატალანტამ“) ჩემპიონატში მეხუთე ადგილი რომ დაიკავოს და შემდეგ ევროპის ლიგა მოიგოს, იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდი ეყოლება.
სხვა შემთხვევაში, სერია A-ში მეექვსე და მეშვიდეადგილოსნები ევროპის ლიგაზე ითამაშებენ, ხოლო მერვეადგილოსანი – კონფერენსლიგაზე.