ხვიჩა კვარაცხელიამ ბერლინის „უნიონთან“ მაღალი შეფასებები მიიღო - Flashscore-მა ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა #1TVSPORT
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან“ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა, წამყვანმა საფეხბურთო გვერდებმა მაღალი შეფასებები დაუწერეს, ერთმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა საუკეთესო მოთამაშედ კოსოვოელი ცენტრალური მცველი ამირ რახმანი აღიარა, რომელმაც 8.0 ქულა მიიღო. 7.9 ქულით მეორე საუკეთესო, გამოცემის ანალიტიკოსების აზრით, ხვიჩა იყო.
Whoscored-ის ვერსიითაც საუკეთესო ამირ რახმანია (7.7). კვარაცხელიასა და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორს, მატეო პოლიტანოს ერთნაირი შეფასება აქვთ – 7.6. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი თავდამსხმელი Flashscore-მა აღიარა და მას 8.7 ქულა დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ შინ „უნიონს“ უგებდა, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1). საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. ეს არ იყო ხვიჩას დღე, მაგრამ ყველაზე მეტი საგოლე შანსი მაინც მან შექმნა. 39-ე წუთზე საგოლე კომბინაცია წამოიწყო, რომელიც მატეო პოლიტანომ დააგვირგვინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩას გადაცემით გატანა პიოტრ ზელინსკისაც შეეძლო, მაგრამ ბურთი მცველს მოარტყა. ბოლო წუთებზე კვარაცხელიამ სამჯერ სცადა კარის აღება, ორჯერ ბერლინელები მეკარემ გადაარჩინა, ერთხელ კი მის გასროლას მეტოქე გადაეფარა.