ხვიჩა კვარაცხელია - „სტადიო მარადონაზე“ თამაში დიდ სიამოვნებას გვანიჭებს [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა „ნაპოლი“-„აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი, რომელიც იტალიელებმა 4:2 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა ნიდერლანდურ გრანდთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და უეფა-მ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„ნაპოლის“ ოთხ მატჩში ოთხი მოგება დაუგროვდა – ახლა რა მიზანი გამოძრავებთ?“ – საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჯერ კომენტარი ამ კითხვაზე გააკეთა.
„უპირველესად, მინდა ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. ჩვენ ამ სტადიონზე თამაში დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, რადგან „სტადიო მარადონაზე“ ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო მიზნებს, წინ სერია A-ს მატჩები გველის და კონცენტრაციას ამაზე მოვახდენთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ახლა კი ძალიან კარგ განწყობაზე ვართ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ქართველმა ფეხბურთელმა ასევე ხალისით უპასუხა შეკითხვას – „ნაპოლიში“ პირველი პენალტი დაარტყი. თერთმეტმეტრიანების შესრულებას მომავალშიც აპირებ?“
„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პენალტს ვინ შეასრულებს. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და კონკრეტულ მომენტში დასარტყმელად მზად ვინც იქნება, მან უნდა შეასრულოს“, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი.
ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა – Sticks in a bundle are unbreakable („ჯოხები ერთიანობაში არ იმტვრევა“), რაც ქართულად დაახლოებით ასე ჟღერს – „ერთად უძლეველები ვართ“.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლიმ“ კი 4 ტურის შემდეგ 12 ქულა დააგროვა, A ჯგუფში პირველ ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა ოფიციალურად გაიფორმა.