ხვიჩა კვარაცხელია - ეს მოგება ბევრს ნიშნავს, შემდეგი თამაშებისთვის მეტი მოტივაცია გვექნება [ვიდეო] #1TVSPORT

შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი დუბლის ავტორმა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

„შვედეთთან მოგება იოლი არ არის და მიმაჩნია, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოხარული ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე, თანაც ასეთ გუნდთან და თან – საქართველოს ნაკრებში. შესარჩევი ციკლი კარგ ნოტაზე დავამთავრეთ, რადგან დიდი მიზნები გვაქვს და უფრო მეტს ვიმსახურებთ. ამისთვის უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, ეს მოგება წინ წაგვწევს და შემდეგი თამაშებისთვის უფრო მეტი მოტივაცია გვექნება“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მან გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

„ბათუმში გულშემატკივრების წინაშე პირველად ვითამაშე და უღრმეს მადლობას ვუხდი, რადგან 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. ეს დიდი მოტოვაცია პირადად ჩემთვის და რა თქმა უნდა, გუნდისთვის. გულშემატკივრები თითოეულ მომენტში ჩვენს გვერდით იყვნენ და ვფიქრობ. ეს საქართველოს ნაკრებს ძალიან წაადგა, იმედია, სულ ასე იქნება და გულშემატკივრების გარეშე თამაში აღარ მოგვიწევს“.

კვარაცხელიამ კომენტარი საკუთარ გოლებზეც გააკეთა:

„ჩემთვის შვედეთთან მატჩი ნამდვილად გამორჩეული იყო. რადგან, ორი გოლი პირველად გავიტანე როგორც გუნდურ, ისე სანაკრებო კარიერაში. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა, ვთვლი, რომ უმნიშვნელოვანესი გუნდის გამარჯვებაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 გოლი გაიტანა, მათგან 4 ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.