ნიდერლანდების ქალაქ ჰააგასთან ახლოს, სხევენინგენის ერთ-ერთ პლაჟზე ტრაგედია მოხდა. 10 სერფინგისტისგან შემდგარი ჯგუფი ზღვაში შევიდა დიდი ტალღებისა და ქარის დროს. ინციდენტის შედეგად, ხუთმა ადამიანმა ვერ შეძლო ნაპირზე დაბრუნება და ხუთივე დაიღუპა.
როგორც „დაჩნიუსი“ (DutchNews) წერს, სერფინგისტების ძიებაში ჩართული იყო სანაპირო დაცვის სამსახურის ვერტმფრენი – ორი დაღუპული ორშაბათს იპოვნეს, კიდევ ორი სამშაბათს, მეხუთე კი ოთხშაბათს. ამ ხუთიდან ორი სერფინგის მაშველ-ინსტრუქტორი იყო.
აღნიშნავენ, რომ ტრაგედიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გამხდარიყო მეტისმეტად სქელი ზღვის ქაფი, რამაც, სავარაუდოდ, მსხვერპლის დეზორიენტაცია გამოიწვია. თვითმხილველთა თქმით, იმ დღეს ზღვის ქაფი ორ მეტრ სიმაღლეს აღწევდა.
„როგორ შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ ასეთი გამოცდილების ადამიანები, რომლებიც ამ ადგილს კარგად იცნობდნენ?!“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰააგას მერმა იოჰან რემკესმა.