ხუთი მედალი ბრატისლავის საერთაშორისო ტურნირიდან #1TVSPORT
ხუთი მედალი ბრატისლავის საერთაშორისო ტურნირიდან #1TVSPORT

2023  წლის 14-15 მაისს სკოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი კარატეში სახელწოდებით Slovakia open – European cup, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ჭაბუკა მახარაძემ  უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში ოქროს მედალი აიღო, ხოლო მისმა მოსწავლემ, 10 წლის ანდრია საათაშვილმა, ჯამში, 4 მედალი მოიპოვა – 1 ვერცხლი ინდივიდუალურ კატაში 10 წლის ბიჭებს შორის, 3 ბრინჯაო 10-11-წლიანებს შორის ინდივიდუალური კატასა და კუმიტეს დისციპლინაში.

ჭაბუკა მახარაძე:

„ბრატისლავაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ეს ყოველთვის ძალიან მასშტაბური, ტრადიციული და პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირია, სადაც ევროპის ქვეყნებს შორის  ჩამოსულები იყვნენ სპორტული დელეგაციები იტალიიდან, ინგლისიდან, შოტლანდიიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან… დიდ სპორტულ კომპლექსში ორი დღის განმავლობაში ერთდროულად 5 ტატამზე მიმდინარეობდა ასპარეზობები“.

ანდრია საათაშვილი:

„კარატეში 6 წლიდან ვვარჯიშობ, ამ შეჯიბისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, მინდოდა, რომ წარმატებით გამოვულიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ 4 მედალი ავიღე. სამომავლოდ ვეცდები, შემდეგ ტურნირზე რომ გამოვალ საქართველოს სახელით, ჩემს მედლებს შორის ოქროს მედალი მქონდეს“.