აკაკი ხუბუტია საქართველოში დაბრუნდა და ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ითამაშებს. 32 წლის მცველი „რუსთავში“ ჩაირიცხა – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქის გვერდმა გაავრცელა.
ხუბუტიამ 16 წლის განმავლობაში კლუბი მეთოთხმეტედ შეიცვალა. ბოლოს რუმინეთის „ტიმიშოარაში“ გამოდიოდა. თემურ ქეცბაიას დროს სისტემატურად იწვევდნენ და ათამაშებდნენ საქართველოს ნაკრებში (20 მატჩი).
სოხუმში დაბადებულ ფეხბურთელს უთამაშია ბელარუსის, ლიეტუვის, რიმინეთის, თურქეთისა და საბერძნეთის გუნდებში. მათ შორის ყველაზე ცნობილი კლუბები იყო „გაზ მეთანი“, თურქულ „სამსუნსპორი“, რუსული სარანსკის „მორდოვია“, ისრაელის ფეთახ-თიკვას „ჰაპოელი“.
„რუსთავის“ პრეს-სამსახურის ცნობით, ხუბუტია გუნდში გასული კვირიდან ვარჯიშობს – 32 წლის მცველი ფეხბურთელი ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.