ხოსეპ გვარდიოლა - ჩემს კარიერაში იურგენ კლოპი ყველაზე ძლიერი მეტოქეა #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. როგორც 56 წლის გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, ენერგია ამოეწურა და დასვენება სჭირდება.
კლოპის გადაწყვეტილებას „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ბოლო წლებში გერმანელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ხოსეპ გვარდიოლა გამოეხმაურა.
„ახლა მშვიდად დავიძინებ. „ლივერპულთან“ მატჩის წინა ღამე ჩემთვის ყოველთვის ძალიან მძიმე იყო. ჩემს სპორტულ კარიერაში იურგენ კლოპი ყველაზე ძლიერი მეტოქეა. ვფიქრობ, ის დაბრუნდება“, – განაცხადა გვარდიოლამ.
გერმანელი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია „ლივერპულის“ ისტორიაში. ინგლისურ გუნდს ის 2015 წელს ჩაუდგა სათავეში და ამ დროის განმავლობაში პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, ასოციაციის თასი, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ გუნდმა ასევე მოიპოვა ინგლისის ლიგის თასის ფინალის საგზური.