ხოსე ბორდალასი - მამარდაშვილის „ვალენსიაში“ დებიუტის გამო გიჟს მეძახდნენ #1TVSPORT
„ხეტაფეს“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებებით ამაყობს, – ამის შესახებ მან გამოცემა „დიარიო ასთან“-თან ისაუბრა.
„მამარდაშვილმა საქართველოსთვის გამორჩეული თამაში ჩაატარა და თავის ქვეყანას მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა. ბორდალასი „ვალენსიას“ მწვრთნელი იყო, როდესაც მამარდაშვილი პირველად იქ ჩავიდა B გუნდში სათამაშოდ, რომელიც იმ დროს ტერსერას დივიზიონში იყო დაქვეითებული.
როგორც ყველაფერში, აქაც ცოტა იღბალი გჭირდება. იასპერ სილესენი, რომელიც უდავო პირველი ნომერი იყო, დაშავდა. ბორდალასმა კი გადაწყვეტილებაზე ბევრი არც იფიქრა და მამარდაშვილი დააყენა“, – წერს გამოცემა და ბორდალასის სიტყვებს იხსენებს.
„რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი უკვე ლაპარაკობდა მასზე, რომ ის შესანიშნავი მეკარე იყო. თუმცა, პირველ ტურში მოედანზე რომ შევუშვი, გიჟს მეძახდნენ. ვარჯიშზე მან სხვაობა შექმნა. მე ეს ნათლად დავინახე, ეჭვი არ მეპარებოდა. ის იზრდებოდა და ჩვენი შრომის წყალობით ვხედავდით, რომ ყოველდღე უკეთესი ხდებოდა.
კვირას საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრების მწვრთნელები გიორგის კარგად იცნობენ და იციან, რომ ისეთი მეკარეა, რომელიც თანაგუნდელებს დიდ ენერგიასა და თავდაჯერებულობას გადასცემს. მათ იციან, რომ დაუპირისპირდებიან გუნდს, რომელსაც უმაღლესი დონის მეკარე ჰყავს“, – თქვა ბორდალასმა „დიარიო ასთან“ ინტერვიუში.