ხორვატიის პრემიერი - ხორვატია სამივე ქვეყნის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ევროპული მისწრაფებების მომხრეა
ხორვატიის პრემიერი - ხორვატია სამივე ქვეყნის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ევროპული მისწრაფებების მომხრეა

კანდიდატის სტატუსთან და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის აპლიკაციასთან დაკავშირებულ დებატებს როცა ეხება საქმე, ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც კომისიის მოსაზრებას ველოდებით, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრე პლენკოვიჩმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცედურებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პლენკოვიჩმა აღნიშნა, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის და სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი არიან, რომელიც კვლავაც მოწოდებულია უახლოვდებოდეს ევროკავშირს. მისივე თქმით, ხორვატია სამივე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მომხრეა.

„კანდიდატის სტატუსთან და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის აპლიკაციასთან დაკავშირებულ დებატებს როცა ეხება საქმე, ჩვენ ვართ მოცემულობაში, როდესაც კომისიის მოსაზრებას ველოდებით. თქვენ იცით, როგორ მიდის პროცესი. ქვეყანა განაცხადს აკეთებს, საბჭო იწყებს პროცედურებს, კომისია გადასცემს კითხვარს, პასუხების შემდეგ უკვე ახლა ველოდებით კომისიის მოსაზრებას. ჩვენ გვექნება სტრუქტურირებული დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით ივნისში. ხორვატია მომხრეა ევროპული მისწრაფებების, პირველ რიგში, ჯერ ჩვენი მეგობრების აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ასევე სამივე ქვეყნის, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის და იმ სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი არიან, რომელიც კვლავაც მოწოდებულია უახლოვდებოდეს ევროკავშირს“, – განაცხადა ხორვატიის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, როგორც პლენკოვიჩმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში კონსენსუსი არ არის. მისივე თქმით, ხორვატია მომხრეა და მხარდაჭერა არაერთხელ გამოუხატავს.

„ამ მომენტისთვის შინაარსობრივი დებატები არ ყოფილა, ამ საკითხს უბრალოდ შევეხეთ გუშინ უკრაინაზე მიმდინარე მსჯელობის კონტექსტში. ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით – არც ერთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ მომხრე ვართ და ხორვატიის, როგორც იმ ქვეყნის მხარდაჭერა, რომელიც ყველაზე ბოლოს შეურთდა ევროკავშირს, არაერთხელ გამომიხატავს. ჩვენ ვიცით, ეს რას ნიშნავს, როგორი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კანდიდატის სტატუსს, პირველ რიგში, უკრაინისთვის, რომელიც თავდასხმის ქვეშაა, რომელიც არამხოლოდ საკუთარ სამშობლოს, არამედ ევროპულ ღირებულებებსაც იცავს, მაგრამ ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია საქართველოსა და მოლდოვის ამბიციაც“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.