ხორვატიის პრემიერი – ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგს სჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება, არის ორი გზა, მათ შორის ერთ-ერთია შუა დერეფანი
ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგს სჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება მსოფლიოს სხვა ნაწილებთან, ამის გაკეთების ორი გზაა: შუა დერეფანი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დერეფანი, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, – „როგორ წარმოგიდგენიათ შუა დერეფნის მნიშვნელობა? საქართველო ამ დერეფანში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. როგორ ხედავთ ამ დერეფნის როლს?“ – ხორვატიის პრემიერმა უპასუხა:
„ერთი კვირის წინ ხორვატიამ უმასპინძლა სამი ზღვის ინიციატივის სახელით ცნობილი ქვეყნების ჯგუფის სამიტს, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის 13 წევრს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს იყო ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის ამ ნაწილს, რომელიც გარკვეულწილად ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგია, სჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. ამის გაკეთების ორი გზაა: შუა დერეფანი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დერეფანი. ეს ორი ასპექტი ძალიან ბევრჯერ იყო ნახსენები. ამიტომ, მჯერა, ენერგიის, ტვირთების ტრანსპორტირება, ღიაობა, ტრანზიტი, შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის ამ ნაწილში განვითარებისა და მშვიდობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ ქვეყნებს შორისაა“.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა საქართველოსთან პირდაპირი დიალოგი, რადგან საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა?“ – ხორვატიის პრემიერმა განაცხადა, რომ ხორვატიასა და საქართველოს წლების განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდათ.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მისწრაფებებს ევროპის მიმართ. ეს ძალიან ნათელი იყო. მე პირადად ამას, ათი წელია, ვაკეთებ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტის წევრობისას ან სხვა თანამდებობაზე ყოფნისას. მჯერა, როდესაც საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ევროპული გზა არის მომავალი, მკაფიო ამბიცია და შემდეგ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდება, მაშინ პროცესი თავიდან დაიწყება“, – აღნიშნა ხორვატიის პრემიერმა.