ხორვატიის პრემიერ-მინისტრი: თუ სამხედრო დამნაშავე მლადიჩს სახელმწიფო პატივით დაკრძალავს, ამით სერბეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზას თავად გადაიკეტავს

12:18, 01.09.2026
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებისთვის პარიზში, ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამზე მისულ სტუმრებს ესალმება. 2026 წლის 13 ივლისი

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებისთვის პარიზში, ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამზე მისულ სტუმრებს ესალმება. 2026 წლის 13 ივლისი


ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ თუ სერბეთი სამხედრო დამნაშავე რატკო მლადიჩს უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო პატივით დაკრძალავს, ამით ის საკუთარ თავს ევროკავშირის კარებს თავადვე მიუხურავს.

ამ ინფორმაციას ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (HRT) ავრცელებს.

რატკო მლადიჩი, რომელსაც სრებრენიცაში გენოციდისა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩადენილი სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გასულ კვირას, 84 წლის ასაკში, ჰააგის საპატიმროში გარდაიცვალა.

სერბეთის იუსტიციის მინისტრის, ნენად ვუიჩის თქმით, მლადიჩს ქვეყანაში უმაღლესი სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, პლენკოვიჩმა ეს იდეა დაგმო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მლადიჩი არის სამხედრო დამნაშავე, რომელსაც ხორვატიაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზეც ეკისრება პასუხისმგებლობა.

„ამიტომ, ეს საკუთარი ხელით ევროკავშირის კარის მიხურვას ჰგავს“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

სერბეთის უსაფრთხოების ძალებმა რატკო მლადიჩი 2011 წელს დააკავეს. 2017 წელს მას სამუდამო პატიმრობა სამხედრო დანაშაულებისთვის, მათ შორის, 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილი გენოციდისთვის მიესაჯა.

რატკო მლადიჩი იყო იუგოსლავიის სახალხო არმიის სერბი გენერალი, მოგვიანებით კი მაშინდელი თვითგამოცხადებული სერბთა კრაინის რესპუბლიკის (დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

1995 წლის 6 ივლისს, ბოსნიელ სერბთა არმიამ, მლადიჩის სარდლობით, იერიში მიიტანა სრებრენიცაზე და ხუთი დღის შემდეგ, 11 ივლისს, ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარა. ოკუპაციის რვა დღის განმავლობაში, მლადიჩის არმიამ დაახლოებით 8 000 მუსლიმი მამაკაცი ამოხოცა. გარდა ამისა, ქალაქიდან დეპორტირებული იქნა 30 000-მდე ქალი და ბავშვი. ამისთვის მლადიჩს გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში წაუყენეს ბრალი.

რატკო მლადიჩი ასევე მონაწილეობდა სარაევოს (ბოსნია და ჰერცეგოვინის ამჟამინდელი დედაქალაქი) ოთხწლიან ალყაში, რომელიც 1992 წელს დაიწყო და 1996 წლამდე გაგრძელდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მლადიჩის დაქვემდებარებაში მყოფი სერბი სნაიპერები მშვიდობიან მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან ესროდნენ და სარაევოს მუსლიმურ-ხორვატულ ნაწილში „ყველაფერს, რაც მოძრაობდა“ ცეცხლს უხსნიდნენ, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

სტატიის ავტორი: ოლექსანდრა არტასევიჩი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ლუდოვიკ მარინი, სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 სექტემბერი, 2026 წელი, 08:28 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი