ხორვატიის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა
ხორვატიის გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა

მასონური ლოჟის წევრობის გამო, ხორვატიის გენერალურმა პროკურორმა, დრაჟენ ელენიჩმა თანამდებობა დატოვა. მასონურ ორგანიზაციაში ელენიჩის წევრობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

ხორვატიის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის მინისტრთან, დრაჟენ ბოსნიაკოვიჩთან და პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან საუბრის შემდეგ მიიღო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხორვატიის მთავრობის ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს მოუწოდა თანამდებობიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავად გაათავისუფლებდა.

დრაჟენ ელენიჩმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ სამუშაოს სიამაყით, ერთგულებით, პროფესიონალიზმითა და სამართლიანობით ასრულებდა და მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით ხელმძღვანელობდა.

იელენიჩმა ასევე თქვა, რომ თავისუფალ მასონებს შეუერთდა, რადგან მიწვევამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და მასონური ლოჟის წევრობას გენერალურ პროკურორად მუშაობის დისკრედიტაცია არ გამოუწვევია.