ხორვატიაში საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ
ხორვატიაში საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ

ხორვატიაში საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით, მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. დედაქალაქ ზაგრების ცენტრალურ ნაწილში ცვლილების წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.

ქვეყნის მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტის მიღება რამდენიმე დღის წინ თხოვა. კანონპროექტის მიხედვით, 2033 წლიდან საპენსიო ასაკი 67 წლამდე უნდა გაიზარდოს.

დოკუმენტის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიაზე გასვლას შესაბამის ასაკამდე გადაწყვეტენ, პენსიებს 4 პროცენტით შეუმცირებენ.

დემონსტრაციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ადამიანს 67 წლამდე მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია. აქტივისტების თქმით, მთავრობის გეგმები მოსახლეობის გაქურდვას ისახავს მიზნად.

პროფკავშირების ლიდერები აცხადებენ, რომ ახალი კანონი განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებს დააზარალებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ხშირად სამსახურიდან წასვლა უწევთ. ამასთან, აქტივისტების ცნობით, დამსაქმებლები საპენსიო ასაკთან ახლოს მყოფი პირების დასაქმებისგან თავს იკავებენ.
აქციის ორგანიზატორები კანონპროექტის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიის დაწყებას გეგმავენ. პროფკავშირების წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარება სურთ.

იმისთვის, რომ ხორვატიაში რეფერენდუმი გაიმართოს, მხარდამჭერებმა ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტის, ანუ 375 ათასი ადამიანის ხელმოწერა უნდა მოაგროვონ.