ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ოთხი მოწმე, მათ შორის ზაზა სარალიძე დაიკითხა. სარალიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის ინფორმაციით, დაკითხული ყველა მოწმე დ.ღ.-ს უდანაშაულობაზე საუბრობს. უფლებადამცველის თქმით, ზაზა სარალიძემ დ.ღ.-სთან შეხვედრა დაადასტურა. ადვოკატი აცხადებს, რომ სიცრუა, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოზე ეს შეხვედრა უარყო.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, საქმის პროკურორის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებების დეტალებზე არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. პროკურორის განმარტებით, ყველა მტკიცებულებებით პროკურატურის ბრალდება დასტურდება.
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა უარყო.
მომდევნო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა