ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა - „კოპენჰაგენი“ „დორტმუნდთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე დათა ხოჭოლავამ პირველი მატჩი ჩაატარა – საქართველოს ნაკრების მცველმა „კოპენჰაგენში“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ითამაშა და დიდი ანგარიშით წააგო – 3:0.
G ჯგუფის ამ მატჩში გერმანელების უპირატესობა პირველივე ტაიმში აისახა – ანგარიში მარკო როისმა 35-ე წუთზე გახსნა, შვიდ წუთში რაფაელ გერეირომ „ბორუსიას“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო ჯუდ ბელინგემმა (83) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დანიელთა ქართველი კაპიტანი თავიდანვე „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 81-ე წუთზე კი დანიის ნაკრების მცველმა, ევრო 2020-ს ნახევარფინალისტმა ნიკოლაი მოლერ ბოილესენმა შეცვალა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონზე პირველ მატჩს გამართავს „ნაპოლი“ – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ა“ ჯგუფში იურგენ კლოპის „ლივერპულს“ მიიღებს და სავარაუდოდ, მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დებიუტიც შედგება.
„ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩს ნეაპოლის „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“ უმასპინძლებს. იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.