ხობში ავარიის შედეგად შვიდი პირი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
ხობში ავარიის შედეგად შვიდი პირი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად შვიდი პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

შემთხვევა საბაჟოს უბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა შვიდი დაზარალებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმა და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. 

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. იგი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.