ხმლით ფარიკაობაში სეულის გრან-პრიზე ერთი ქართველი აგრძელებს ასპარეზობას
სამხრეთ კორეაში მიმდინარე გრან-პრიზე ხმლით ფარიკაობაში ქართველმა მოფარიკავე ქალებმა ასპარეზობა დაასრულეს. ლიკა ჯიჯეიშვილმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, თეოდორა კახიანმა კი ორ შეხვედრაში გაიმარჯვა. მან ჯერ ამერიკელი გილიან ადინსკი ანგარიშით 15-10 დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგ მარგო რიფკისს 15-12 სძლია. საუკეთესო 64-ში გასულ კახიანს ჩინელმა იაქი შაომ 15-12 მოუგო.
ვაჟთა შორის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა მიხეილ მარდალეიშვილმა. წინასწარ საუკეთესო 64-ში ანგარიშით 12-15 სამხრეთ კორეელ ჯუნჰო ვონთან წააგო შეხვედრა ბექა ბაზაძემ. ამავე ეტაპზე ანგარიშით 15-11 ფრანგი ნიკოლ როსეტი დაამარცხა სანდრო ბაზაძემ, რომელიც შეჯიბრს აგრძელებს და უნგრელ ტამაშ დეკშს შეხვდება.
ფარიკაობის თითოეულ დისციპლინაში სეზონზე სამი გრან-პრი იმართება. ამ შეჯიბრებებში მოპოვებული ქულები ევროპის ჩემპიონატზე დაგროვებული ქულების ტოლფასია.
სეულის ტურნირი სეზონის მეორე გრან-პრია. პირველს კაირომ უმასპინძლა. ეგვიპტეში წარმატებით იასპარეზა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად, აღნიშნულ შეჯიბრზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში მესამე და ბოლო გრან-პრი 24-26 მაისს მოსკოვში ჩატარდება.