ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრებმა გუნდურ მეშვიდე ადგილზე დაასრულა
პოლონეთის დედაქალაქში დასრულდა ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი – World Cup Sabre de Wolodyjowski 2018.
გუნდურ შეჯიბრში მეშვიდე ადგილისთვის საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე) აშშ-ის ნაკრები 45-42 დაამარცხა.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში ხუთი შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ჩილესთან იოლად, 45-23 მოიგო. ამის შემდეგ, ოთხივე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ გუნდებთან გამართა.
ოთხივე მატჩი დაძაბული გამოდგა და ორ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მოიგო. ქართველმა მოფარიკავეებმა მერვედფინალში რეიტინგის მეექვსე ნომერი რუმინეთი დამაჯერებლად 45-35 დაამარცხეს; მეოთხედფინალში რეიტინგის მეოთხე ნომერ რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში 42-45 წააგეს; მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში კი ჯერ რეიტინგის მეცხრე ნომერ საფრანგეთთან 38-45 დამარცხდნენ, შემდეგ კი რეიტინგის მეხუთე ნომერი აშშ 45-42 დაამარცხეს.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 28 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გუნდურ რეიტინგში მე-10 ადგილზე დამკვიდრდა.
World Cup Sabre de Wolodyjowski 2018-ის ჩემპიონი მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სამხრეთ კორეა გახდა. სამხრეთ კორეის ნაკრებმა ფინალში ირანი 45-31 დაამარცხა. საუკეთესო ათეულში შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: 3. უნგრეთი; 4. რუსეთი; 5. იტალია; 6. საფრანგეთი; 7. საქართველო; 8. აშშ; 9. გერმანია; 10. უკრაინა.