ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქში 46 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული
ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქში 46 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული

ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 46 დასახლებული პუნქტი, თუმცა ოლქის სრულ გათავისუფლებამდე მოსახლეობას უფრო უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციას ურჩევენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრი ბუტრიმ განაცხადა.

„ხერსონის ოლქში უკვე დეოკუპირებულია 46 დასახლებული პუნქტი, მათი დიდი ნაწილი ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშია, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქს ესაზღვრება და ზოგიერთი სამხრეთით, მიკოლაევის ოლქის საზღვართან“, – განაცხადა ბუტრიმ.

მისი თქმით, დეოკუპირებულ ტერიტორიაზე არის სოფლები, რომლებიც პრაქტიკულად 90%-ით განადგურებულია და დღესაც მუდმივი ცეცხლის ქვეშაა.

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ხერსონში მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ.