ხელვაჩაურში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
ხელვაჩაურში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ხელვაჩაურში მოსახლეობა მაჭახელას ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ხეობის მცხოვრებლებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს და ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს შენობასთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას მოსახლეობამ არ მისცა კვლევითი სამუშაოების ჩატარების უფლება, რაც კომპანიამ გაასაჩივრა, ამის შემდეგ კი, პოლიციაში ოთხი აქტივისტი დაიბარეს.

„მხოლოდ ოთხი აქტიური ადამიანი დაიბარეს, ამიტომაც გამოკითხვაზე მოვიდა მთელი ხეობა. არავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას ხეობა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი როინ მალაყმაძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხეობას ტურიზმის განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, რასაც სოფელ ქედქეთში ჰესის მშენებლობა ხელს შეუშლის.

„სახელმწიფომ უნდა გაიგოს, რომ ტურიზმი უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე ჰესი, არ დავთმობთ ხეობას“, – ამბობს ხეობის მკვიდრი ლევან გორგაძე.

აქციის ოთხ წარმომადგენელს ამ წუთებში ხელვაჩაურის პოლიციის ხელმძღვანელობა ხვდება.