ხელოვნური ინტელექტის ლიდერები „აპოკალიფსის“ (AIpocalypse) მოლოდინში არიან. თუმცა, მათ საზოგადოების მრისხანების უფრო ეშინიათ

17:55, 13.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

Anthropic-ის, OpenAI-ის და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სხვა კომპანიების ხელმძღვანელები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა პროტესტმა მას შემდეგ, რაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კატასტროფული მოვლენები განვითარდება. ამ პროცესს ისინი AIpocalypse-ს უწოდებენ. გამოცემა Axios-ის ცნობით, ხელოვნური ინტელექტის სფეროს ელიტა უკვე ახლო მომავალში, შესაძლოა რამდემე თვეშიც კი ელოდება მასშტაბურ ინციდენტს (სავარაუდოდ, კიბერთავდასხმას), რომელიც ფინანსურ სერვისებზე, ინტერნეტზე, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაზე წვდომას შეაფერხებს.

როგორც Axios-ი წერს, ხელოვნური ინტელექტის მიერ მიყენებულმა პირველივე სერიოზულმა ზიანმა, შესაძლოა, მის მიმართ ისედაც უნდობლად განწყობილი საზოგადოება ამ ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის ლიდერების წინააღმდეგ განაწყოს. მათ შორის მოიაზრებიან Anthropic-ის და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორები, დარიო ამოდეი და სემ ალტმანი. სავარაუდო სცენარების თანახმად, საზოგადოება, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც ამხედრდეს, რადგან ის ხელოვნური ინტელექტის რეგულირების წინააღმდეგია.

შესაბამისად, კომპანიებს საზოგადოებრივი მრისხანებით გამოწვეულის შედეგების უფრო ეშინიათ, ვიდრე სავარაუდო აპოკალიპტური სცენარებით გამოწვეული ზიანის, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს შეიძლება მიაყენოს. ინდუსტრიის ლიდერები ამ ფაქტორს უკვე რეალურად ითვალისწინებენ. „მსოფლიო უნდა შეეგუოს იმას, რომ ამ ტექნოლოგიის განვითარებას და ადამიანის ნების განხორციელებას შესაძლოა გარკვეული უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს“, – განაცხადა სემ ალტმანმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საშინელი სცენარისთვის მზადება მრავალი კომპანიისა და ეროვნული უსაფრთხოების უწყებებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, Axios-ის ცნობით, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ახლა მრავალ წამყვან მკვლევარსა და დარგის ლიდერს მასშტაბური ინციდენტი გარდაუვალი ჰგონია.

„ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ჩართული ადამიანები მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ამ ათწლეულის ბოლომდე მას შეუძლია ყველანი განგვანადგუროს. ეს არ არის მარკეტინგული ხრიკი. მაშინ, როდესაც მრავალი წამყვანი ხელმძღვანელი და ტოპ-მეცნიერი მედიაში ფრთხილ სიტყვებს ირჩევს, რათა გონიერ და გაწონასწორებულ პერსონად წარმოჩინდეს, მომისმენია, როგორ გამოხატავენ ეს ადამიანები თავიანთ შეშფოთებას პირად საუბრებში. ადამიანის საქმიანობის არც ერთი სხვა სფერო საფრთხის ასეთ მაღალ დონეს არ შეიცავს“, – ამბობს Anthropic-ის დეველოპერი, ჯეიკობ კოქსონი.

 

როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეული „აპოკალიფსი“ (Aipocalypse)

ექსპერტებს ყველაზე მეტად ორი შესაძლო სცენარი აშფოთებთ, რომლებმაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს: პირველი – ადამიანები ზემძლავრ ხელოვნურ ინტელექტს იარაღად გამოიყენებენ; მეორე – ადამიანები მასზე კონტროლს დაკარგავენ.

პირველი სცენარის თანახმად, ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, ბიოლოგიური, ქიმიური ან სხვა სახის იარაღის შექმნა გაამარტივოს, შემდეგ კი ასეთი იარაღი იმ ადამიანების, სახელმწიფოებისა თუ ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდეს, რომლებიც მას საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენებენ. მეორე სცენარი გულისხმობს იმას, რომ კონტროლიდან გამოსულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა ინფრასტრუქტურაზე, შესაძლოა, უპრეცედენტო მასშტაბის შეტევა განახორციელონ  და ადამიანის კონტროლს აღარ დაექვემდებარნენ. თეორიულად,  ასეთმა უკონტროლო ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება კრიმინალებისთვის ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი შექმნას და მასშტაბური კიბერთავდასხმები განახორციელოს, რაც, საბოლოო ჯამში, ცივილიზაციის ჩამოშლას და კოლაფსს გამოიწვევს.

ხელოვნურმა ინტელექტმა საზოგადოებაში სხვა მასშტაბური პრობლემებიც შეიძლება წარმოშვას, მათ შორის – უმუშევრობის მკვეთრი ზრდა, ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება და მოტივაციის დაკარგვა, რადგან ხელოვნური სისტემები თითქმის ყველაფრის კეთებას ადამიანებზე უკეთ შეძლებენ.

კიდევ ერთი საშიში სცენარია ე.წ. რეკურსიული თვითგაუმჯობესება, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტი საკუთარი თავის გაუმჯობესებულ ვერსიებს შექმნის მანამ, სანამ ადამიანები ამის გააზრებას შეძლებენ. თუ ასეთი, თეორიულად შესაძლო ხელოვნური ინტელექტი არ იქნება თანხვედრაში ადამიანის მიზნებთან, მან, სანამ ადამიანების წინააღმდეგ დაიწყებს მოქმედებას, შესაძლოა, კაცობრიობას მისი კონტროლისა და მონიტორინგის შესაძლებლობა შეუზღუდოს.

ალტმანმა Axios-ს განუცხადა, რომ მოდელები იმაზე სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ადამიანებს ამის პროგნოზირება შეუძლიათ: „ეს მოდელები მრავალ სფეროში ზეადამიანურ შესაძლებლობებს იძენენ, ჩვენ კი, უბრალოდ, უცნობ წყლებში გვიწევს ნავიგაცია“. ორშაბათს, 12 ოქტომბერს, Anthropic-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა საკუთარი თავის „შეუჩერებელი ტემპით“ გამრავლება დაიწყოს და ინტერნეტში საკუთარი ასლები უსასრულოდ შექმნას. Anthropic-ის შეფასებით, ასეთი რამ, შესაძლოა, სულ რამდენიმე თვეში მოხდეს.

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

ფოტოს ავტორი: კირილ კუდრიავცევი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი, 2026 წელი, 11:56 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი