ხელოვნების სასახლეში მსახიობ თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ხელოვნების სასახლეში მსახიობ თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმო გახსნა იქნება, რომელსაც მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაცია დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნისა – „სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს, „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.

თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორებიც არიან: „ხევისბერი გოჩა”, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და მრავალი სხვა.