ხელბურთის ნაკრები ევრო 2022-ის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას „ერთა ჩემპიონატით“ დაიწყებს
ხელბურთის ნაკრები ევრო 2022-ის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას „ერთა ჩემპიონატით“ დაიწყებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. მატჩები 8-16 ივნისს გაიმართება. აღნიშნულ დღეებში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია „ერთა ჩემპიონატს“ მართავს, რომელშიც 12 გუნდი ასპარეზობს. მათ შორის – ექვსი ევროპული ნაკრების მონაწილეობით. ექვს გუნდს შორის საუკეთესო მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეიოფის საგზურს მიიღებს. ექვსი ევროპული ნაკრები – აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, ბულგარეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო გახლავთ.

ტურნირზე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სამხრეთი და ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური შეჯიბრებების გამარჯვებულებიც მოიწვია და ოთხ ქვეყანას ე.წ. ველური ბარათი გაუგზავნა. ექვსიდან ოთხი გუნდი უკვე ცნობილია – ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია და სამხრეთი ამერიკის გამარჯვებული კოლუმბია. ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური ტურნირის გამარჯვებული და კიდევ ერთი ველური ბარათის მფლობელი გუნდი მოგვიანებით გაირკვევა. წინასწარ ცნობილია, რომ ეს არ იქნება ევროპული ნაკრები. ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება შეჯიბრება. ტურნირზე თორმეტივე მიწვეულ ქვეყანას 22 თებერვლამდე მასპინძლობის განაცხადის შეტანის საშუალება აქვს. შეჯიბრზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომლის ორ-ორი გამარჯვებული პირველობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს. ევრო 2022-ის პლეიოფის საგზურს ექვს ევროპულ გუნდს შორის საუკეთესო მოიპოვებს.

ევრო 2022 წლის მეორე შესარჩევი ეტაპი 2020 წლის აპრილში გაიმართება. IHF ერთა ჩემპიონატის საუკეთესო ევროპული გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილე ერთ-ერთ ნაკრებს. პლეიოფი (შინ/სტუმრად) ფორმატით ჩატარდება. სამი წყვილის ამდენივე გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

ევრო 2022 იანვარშია ჩანიშნული და უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიმართება.